რა ასაკიდან მივმართოთ სტომატოლოგს?

ბავშვთა სტომატოლოგს პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა მივმართოთ!

 
- რატომ ასე ადრე? რადგან გვაქვს კბილი, ესე იგი არსებობს კარიესის გაჩენის საფრთხეც. სტომატოლოგი ზუსტად გირჩევთ, როგორ მოუაროთ კბილებს სწორად და აარიდოთ თავი მავნე ჩვევებს, მათ შორის თითის წოვას, მაწოვარას ხანგრძლივ გამოყენებას. ასევე მიიღებთ რეკომენდაციას სწორ კვებასთან დაკავშირებით. იყო ყურადღებიანი და აქტიური მშობელი დღეს, ნიშნავს დაეხმარო შვილს მომავალში ჰქონდეს ჯანმრთელი ღიმილი.
კლინიკაში ვიზიტზე წინასწარ ისე ისაუბრეთ, როგორც საინტერესო მოგზაურობაზე. 
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შიში და ნერვიულობა ბავშვსაც მარტივად გადაედება, ამიტომ ეცადეთ, არასოდეს აჩვენოთ თქვენი შფოთვა. მათ გასაგონად ნუ იტყვით ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ნუ გეშინია“, „არ გეტკინება“ და „მოითმინე“. მათ ნაცვლად შეგიძლიათ უთხრათ, რომ კბილებს დაუთვლიან და დაუთვალიერებენ. შეგიძლიათ ვიზიტის სცენა სახლშიც გაითამაშოთ. ნუ მოყვებით თქვენს ნეგატიურ გამოცდილებაზე სტომატოლოგთან (თუ იყო ასეთი).
სასურველია პირველი ვიზიტი დაემთხვას პროფილაქტიკურ მომართვას და არ იყოს დაკავშირებული ტკივილთან. ამ დროს პაციენტსა და ექიმს შორის მეტი ნდობა და მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი: 
1. ვიზიტისთვის შეარჩიეთ დღის პირველი ნახევარი, მაშინ როცა ბავშვი უფრო დასვენებულია და კარგად თანამშრომლობს.
2. ნუ დაამთხვევთ ვიზიტს ბავშვის ძილის დროს.
3. ბავშვი არ უნდა იყოს მშიერი.
4. თუ ბავშვი მოწყენილი გეჩვენებათ, ჩაერთეთ თქვენც, მიანიშნეთ სტომატოლოგს.
გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთ გუნდში ხართ!